კომაროველები ლუკა გურგენიძე და ლუკა ბუსკივაძე კორპორაციას "Meta" შეუერთდნენ

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები ლუკა გურგენიძე (2019 წლის გამოშვება) და ლუკა ბუსკივაძე (2020 წლის გამოშვება) 2022 წლის მაისიდან 12 კვირიანი სასწავლო-სამუშაო პროგრამით შეუერთდებიან უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას “Meta”.


“Meta” კორპორაცია მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, Whatsapp.


ლუკა გურგენიძე და ლუკა ბუსკივაძე კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას Vanderbilt University-ში განაგრძობენ.


Vanderbilt University-ში ლუკა გურგენიძე პირველი ქართველი სტუდენტია. აღსანიშნავია, რომ Vanderbilt University-ში, რომელიც US News-ის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში ტოპ 15 უნივერსიტეტს შორისაა, მხოლოდ 4 ქართველი სტუდენტი სწავლობს - ლუკა გურძენიძე, ლუკა ბუსკივაძე, ლუკა მუშკუდიანი, გიორგი ძაძამია. ოთხივე ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით  აგრძელებს სწავლას და ოთხივე მათგანი კომაროველია.


კომაროვის მოსწავლეებმა ისარგებლეს სკოლაში არსებული გამორჩეული სერვისით, უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურით (University Counseling Office), რომლის ხელმძღვანელის მაია ოთიაშვილის აქტიური და თავდაუზოგავი ჩართულობის დახმარებით კომაროვის შემდეგ სწავლა ამერიკაში, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, ინჟინერიის სკოლაში განაგრძეს.


ბიჭებისთვის პროგრამაში მოხვედრა საინტერესო, თუმცა რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი იყო, რომელიც შრომისა და მონდომების შედეგად წარმატებით დასრულდა.


აპლიკაციის გაგზავნიდან თვე-ნახევარში ინტერვიუზე დაიბარეს. ინდივიდუალურად ჩატარებულ ინტერვიუზე მათ კომპანია “მეტას” ინჟინერის მიერ მიცემული დავალებების ამოხსნა დაევალათ. პრობლემის გადაწყვეტა აპლიკანტებს 45 წუთში უნდა მოეხერხებინათ. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კომაროველები კვლავ დაიბარეს მეორე ინტერვიუზე, რომელიც ასევე ტექნიკურ რაუნდს მოიცავდა. ორი კვირის შემდეგ კი დადებითი პასუხი მიიღეს და ახალი თავგადასავალიც დაიწყო.


კომაროველები, როგორც კომპანია “მეტას” Software Engineer Intern-ები, კალიფორნიაში, სათაო ოფისში, 12 კვირიან სასწავლო-სამუშაო პროგრამას გაივლიან და მათი მენტორი “მეტას” მაღალი პოზიციის გამოცდილი ინჟინერი იქნება. 


ლუკა გურგენიძე და ლუკა ბუსკივაძე კომაროვის სკოლაში გატარებულ აქტიურ წლებს იხსენებენ; თვითმმართველობის ხელმძღვანელობა, ეროვნული ოლიმპიადები, სამეცნიერო ბანაკში მოხვედრა და უცხოეთში სასწავლო ვიზიტები- მცირე ჩამონათვალია კომაროვში მიღებული გამოცდილებებისა. უახლესი პროექტია “Profesori.ge”, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ ზაფხულში შექმნეს. პლატფორმის მიზანია მოსწავლეებს გაეცნოთ  პროფესორები, რომლებიც სასურველ უნივერსიტეტში დახვდებოდათ და უფრო მეტად ინფორმირებულებს დაეწყოთ ახალი საუნივერსიტეტო ცხოვრება.


კომაროველები მათ მეგობრებს, კომაროვის ამჟამინდელ თუ მომავალ მოსწავლეებს, ურჩვენ: “ეძიეთ საუკეთესო შესაძლებლობები. არ იფიქროთ, რომ თქვენთვის დიდია რაიმე გამოწვევა. ყოველი წამი ფიქრი იმაზე, რომ დავაგვიანე, სხვები უკეთესები არიან - დაკარგულია. დისციპლინით, დროის სწორად განსაზღვრით, ნებისყოფითა და მიზანდასახულობით ყველაფერი შესაძლებელია.”


კომაროვის სკოლა ულოცავს ლუკა გურგენიძესა და ლუკა ბუსკივაძეს წარმატებას და უსურვებს მრავალ საინტერესო გამოწვევასა და წინსვლას!



ზემოთ